მესამე სამყაროს გაჩენა

მესამე სამყაროს ცნება გაჩნდა ლათინური ამერიკის, ხოლო მოგვიანებით აზიისა და აფრიკის ნაციონალისტური მოძრაობების განვითარების პარალელურად. ზოგიერთი მეცნიერის აზრით, რასობრივი და კულტურული განსხვავება, განვითარებულ სახელმწიფოებთან შედარებით, ნაწილობრივ საფუძველი გახდა მესამე მსოფლიოს ნაციონალიზმისა. თუმცა ეს ნაკლებად ეხება ლათინურ ამერიკას, სადაც პოლიტიკური ელიტა, ოლიგარქია და მმართველი ძალები უმეტესად თეთრკანიანებით არიან წარმოდგენილი. ამასთან უნდა აღინიშნოს, რომ აფრიკის, აზიისა და ლათინური ამერიკის ელიტები ყოველთვის დაინტერესებული იყვნენ დასავლეთზე თავიანთი დამოკიდებულებისა და დაქვემდებარების შემცირებით, რაც პირდაპირ არის დაკავშირებული მათი ეკონომიკების დივერსიფიკაციასა და ინდუსტრიალიზაციასთან.

გასული საუკუნის 60-იანი წლებიდან განვითარებადი ქვეყნები სულ უფრო და უფრო დაჟინებით მოითხოვდნენ ახალ საერთაშორისო ეკონომიკურ წესრიგს - უფრო სამართლიანს და დამნდობს. როდესაც 1944-1948 წლებში იქმნებოდა ლიბერალური ეკონომიკური სისტემა და მისი თანმდევი ინსტიტუტები, აზიის, აფრიკისა და ლათინური ამერიკის სახელმწიფოები ნაკლებად იყვნენ ჩაბმულნი ამ პროცესში, ვინაიდან ბევრ მათგანს ჯერ სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობა უნდა მოეპოვებინა, და ისინი სწორედ ამით იყვნენ დაკავებული. მიუხედავად იმისა, რომ იმ დროს განვითარებადი სახელმწიფოები უმეტესობას წარმოადგენდნენ გაერო-ს გენერალურ ასამბლეაში, სურათი სხვანაირი იყო მსოფლიო ბანკსა და საერთაშორისო სავალუტო ფონდში. ხოლო, რაც შეეხება, ტარიფებისა და ვაჭრობის გენერალურ შეთანხმებას, იგი განვითარებადი ქვეყნების მიერ საერთოდ აღიქმებოდა მდიდართა კლუბად. განვითარებადი ქვეყნების მცირე შიდა ბაზრების გამო მათ ფაქტობრივად არ გააჩნდათ საიმისო ბერკეტი, რომ რაიმენაირად შეეცვალათ გადაწყეტილებები ტარიფების რეგულირებასთან დაკავშირებით. ისინი იმ ეტაპზე მოითხოვდენ, რეალობიდან გამომდინარე, ანგარიში გაეწიათ მათი ახალშობილი ეკონომიკებისათვის და უფლება მისცემოდათ ესარგებლათ შეღავათიანი ტარიფებით.

No comments:

Post a Comment